აშშ-ის ცენტრალური ბანკი 2019 წელს მთავარ საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრი საპროცენტო განაკვეთის დაგეგმილ ზრდაზე უარს ამბობს. ფედერალური სარეზერვო სისტემა მიზეზად აშშ-ის ეკონომიკის ტემპის შენელებას ასახელებს.
ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავარი საპროცენტო განაკვეთი 2.25% -2.5%-ის დიაპაზონში დატოვონ.
ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული განაკვეთის დაგეგმილ ზრდაზე წელს ხელი აიღონ, რადგან როგორც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები აჩვენებს, ეკონომიკის ზრდა გასული წლის მეოთხე კვარტლის შთამბეჭდავი ზრდისგან განსხვავებით, შენელებულია.
როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 2019 წელს მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდა ორჯერ მოხდებოდა. ანალიტიკოსები გაოცებულები დარჩნენ აშშ-ის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის რადიკალური ცვლილებით, რაც თავის მხრივ დადებითად აისახა ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, გაიზარდა საფონდო ბირჟებზე წამყვანი ინდექსები. ამერიკული დოლარი მცირედით გაუფასურდა იაპონური იენისა და ევროს მიმართ, თუმცა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ გამყარდა.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომი პაუელის განცხადებით, ზოგადად, წლის დანარჩენი ნაწილის ეკონომიკური პერსპექტივა დადებითია, უმუშევრობის დონე ოთხ პროცენტზე ქვემოთ იქნება, ინფლაცია კი, არ გადააჭარბებს 2%-ს, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელია.
თუმცა, პაუელის განმარტებით, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება გლობალური ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპი, ასევე ე.წ. ბრექსიტის თაობაზე არსებული ბუნდოვანება და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა.