აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენში „ჰუსიტების“ ორ სამიზნეზე იერიში მიიტანეს
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ში აცხადებენ, რომ დარტყმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის ორ სამიზნეზე განახორციელეს, რომელიც წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი.
„აშშ-ის ძალებმა განახორციელეს დარტყმები „ჰუსიტების“ ორ სამიზნეზე, რომლებიც წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი და მზად იყო გასაშვებად“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჰაერო დარტყმები გაგრძელდება მაშინაც კი, თუ ისინი ვერ შეაჩერებენ „ჰუსიტების“ თავდასხმებს.
„აჩერებენ ისინი „ჰუსიტებს?“ არა. გაგრძელდება თუ არა იერიშები? დიახ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, მანამდე „ჰუსიტებმა“ აშშ-ის გემზე წითელ ზღვაში თავდასხმა განახორციელეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს.