აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელი - ბირთვული იარაღით აღჭურვილ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტი შესაძლებელია
ბირთვული იარაღით აღჭურვილ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტი შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა, ჩარლზ რიჩარდმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, თემაზე „ამერიკა თავდასხმის ქვეშ – სამშობლოს დაცვა“.
„ყველა ჩვენგანი ამ ოთახში დაბრუნდა კონკურენციის განხილვაში კრიზისისა და შესაძლო პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბირთვული იარაღის მქონე მეტოქესთან. 30 წელზე მეტია, ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია. ამის შედეგები ღრმაა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული შეკავებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი ეროვნული მიზნების მისაღწევად. და ეს უკვე აღარ არის თეორიული“, – აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ადმირალ ჩარლს რიჩარდის განცხადებით, თავდაცვის დეპარტამენტის ყოველი გეგმა და შესაძლებლობა ეფუძნება ვარაუდს, რომ სტრატეგიული შეკავება და განსაკუთრებით, ბირთვული შეკავება მოქმედებს.
„რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ, გადაიზარდონ ესკალაცია-ძალადობის ნებისმიერ დონეზე, რომელსაც აირჩევენ ნებისმიერ სფეროში, ძალაუფლების ნებისმიერი ინსტრუმენტით მთელ მსოფლიოში. დიდი ხანია, მსგავსი კონკურენტები და მეტოქეები არ შეგვხვედრია. ამის გამო, დეპარტამენტს მოუწევს ომისადმი მიდგომის შეცვლა. ესკალაციის ნელი, ტრადიციული მიდგომები აღარ მუშაობს. სამშობლოს დასაცავად მებრძოლ მეთაურებს მოუწევთ, სწრაფად იმოქმედონ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ყველა სფეროში: ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, სივრცეში და კიბერსივრცეში“, – თქვა აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა.