აშშ-ის ადმინისტრაციამ პოლონეთისთვის მე-5 თაობის ავიაგამანდგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ პოლონეთისთვის მე-5 თაობის 32 ერთეული ავიაგამანდგურებლის, „ეფ-35“-ის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, კონტრაქტის შესრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ხელშეკრულება ნატო-ელი მოკავშირეების უსაფრთხოებას გაზრდის, რომლებიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური აყვავებისთვის მნიშვნელოვან ძალებს წარმოადგენენ.
ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავების გაყიდვა რეგიონში სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს. აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად აცნობა. სამხედრო კონტრაქტის შესასწავლად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 30 დღე აქვს.