აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.

აშშ-ის საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია.

ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. აშშ-ის ბიუჯეტის კანონში წერია, რომ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელმა დირექტორებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტსა და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი დღეს მოაწერა.