აშშ-იმ რუსეთის 38 მოქალაქეს და რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
აშშ-იმ რუსეთის 38 მოქალაქეს და რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა შორის 17 რუსი პოლიტიკოსი, რვა რუსი ბიზნესმენი და 12 რუსული კომპანიაა, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. ამ კომპანიებს შორისაა იარაღით მოვაჭრე კომპანია და რუსული ბანკი.

ამ სიაში მოხვდნენ ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა – კომპანია „რუსალის “აღმასრულებელი დირექტორი, რომლის ქონება ბიზნეს-გამოცემა Forbes-ის ინფორმაცით, 28 მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე პუტინთან დაახლოებული პირი, – ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კირილ შამალოვი.

„რუსეთის მთავრობა მთელს მსოფლიოში მავნე აქტივობას ეწევა, მათ შორისაა ყირიმის ანექსია, კონფლიქტის ესკალაცია უკრაინაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მატერიალური მხარდაჭერა და შეიარაღება. ეს რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს ბომბავს. რუსეთი ახორციელებს კიბერშეტევებს დასავლური ქვეყნების მიმართ. რუს ოლიგარქებსა და ელიტას, რომლებიც სარგებლობენ კორუმპირებული სისტემით, უნდა შეუჩერდეთ სარგებლობის საშუალება“, – წერია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში.