აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლისთვის ვაშინგტონმა სახაზინო საშუალებები აამოქმედა
აშშ-ს არ შეუძლია დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას იმავე გზით, როგორც ამას ირანის და ჩრდილო კორეის მიმართ აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მონეტარული პოლიტიკისა და ვაჭრობის საკითხებში წარმომადგენლობითი პალატის ფინანსური სამსახურის ქვეკომიტეტში განაცხდა.
მარშალ ბილინგსლის განცხადებით, მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთის ეკონომიკა დიდ და გლობალურ ეკონომიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში კარგად ინტეგრირებულია. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ვაშინგტონმა სახაზინო საშუალებები აამოქმედა, თუმცა აშშ-ისთვის, ევროპისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის უნებლიე გარე ეფექტების რისკებს ამცირებს.
“ერთი კონკრეტული მაგალითისთვის, რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო კომპანია და ოლიგარქების კუთვნილი ბიზნესი გლობალურ ეკონომიკაში ჩახლართულადაა ინტეგრირებული. მიუხედავად გამოწვევისა, აპრილში გამოვარჩიეთ ოლეგ დერიპასკა და მისი კომპანიები, მათ შორის RUSAL-ი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ალუმინის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია. სანქციების შემდეგ მისი კაპიტალი 50%-ით შემცირდა“ – აღნიშნა ბილინგსლიმ.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრივით არ მოქმედებს, რადგან აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ახორციელებს კიბერთავდასხმებს, უკანონოდ ყიდულობს თავდაცვისა და სადაზვერვო საშუალებებს, ერევა არჩევნებში და მხარს უჭერს ასადის რეჟიმის მკვლელობებს. „ამ საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედება, სახაზინო დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტია“, – თქვა მარშალ ბილინგსლიმ.