აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის, WikiLeaks-ისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის, WikiLeaks-ისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა რუსეთს, „ვიკილიქსსა“ და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს სასამართლოში უჩივლა.

დემოკრატები ზემოთ ხსენებულ სამივე ფიგურანტს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულების მოწყობაში სდებენ ბრალს.

დემოკრატებმა საჩივარი მანჰეტენის სასამართლოში შეიტანეს. საჩივარში საუბარია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის საიდუმლო გარიგებაზე, რომლის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხება იყო.

დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ტომ პერესმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2016 წელს დემოკრატიული პარტიის საარჩევნო შტაბზე კიბერიერიში მიიტანა.

„2016 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთმა ქვეყნის დემოკრატიაზე ფართომასშტაბიანი მექანიზმით იერიში მიიტანა. ამ საქმეში რუსეთმა თანამოაზრე დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის სახით იპოვა“ – აღნიშნა პერესმა.

დემოკრატების საჩივართან დაკავშირებით თეთრ სახლში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.