აშშ-ის დელეგაცია მექსიკის ახალ პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მეხიკოში ჩავიდა
აშშ-ის დელეგაცია მექსიკის ახალ პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მეხიკოში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მექსიკის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. დელეგაციაში დონალდ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერიცაა. მხარეები აშშ-სა და მექსიკის სავაჭრო ურთიერთობებზე, მიგრაციაზე, უსაფრთხოებასა და კედლის მშენებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავენ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მექსიკასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ტრამპი მექსიკის მთავრობას მიგრაციის ნაკადის შეჩერების პროცესში უმოქმედობაში ადანაშაულებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ ვაშინგტონში ჩანიშნული ოფიციალური ვიზიტი ზამთარში გააუქმა. იგი აშშ-ის მხრიდან წაყენებულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

ორი კვირის წინ მექსიკის პრეზიდენტად მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აირჩიეს. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ შეთანხმებას მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებში, ისევე როგორც ვაჭრობის სფეროში ახალ პრეზიდენტთან უფრო ადვილად მიაღწევენ, ვიდრე ეს ნიეტოს მმართველობის პერიოდში იყო შესაძლებელი.

შეხვედრა პომპეოსა და ობრადორს შორის რამდენიმე საათში გაიმართება.