აშშ-დან დეპორტირებული 147 ვენესუელელი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში მოყვა

15:12, 29.06.2026
მიწისძვრების სერიის შედეგად კარაბალედაში (ლა-გაირას შტატი, ვენესუელა) დანგრეულ შენობების ხედი ზემოდან. 2026 წლის 28 ივნისი

მიწისძვრების სერიის შედეგად კარაბალედაში (ლა-გაირას შტატი, ვენესუელა) დანგრეულ შენობების ხედი ზემოდან. 2026 წლის 28 ივნისი

აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები ტეხასიდან გაფრინდნენ. მათი თვითმფრინავი ვენესუელის ქალაქ მაიკეტიაში მდებარე სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა. თუმცა, რამდენიმე საათში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, შენობა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა და დეპორტირებულები ნანგრევებში მოიყოლა.

 

24 ივნისს, თვითმფრინავი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაძევებული 147 ვენესუელელი იმყოფებოდა, მიწისძვრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაეშვა. მას შემდეგ, რაც ქალაქ ლა-გუაირაში არსებული სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ისინი დროებით იყვნენ განთავსებულნი, დეპორტირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორის ირიცხება.

მიგრანტები, რომელთა შორის, მინიმუმ, შვიდი ბავშვია, სამშობლოში მიწისძვრის პირველ ბიძგებამდე ექვსი საათით ადრე იძულებით ჩაიყვანეს. ამის შემდეგ ისინი ხელისუფლებამ ლა-გუაირაში მდებარე სასტუმრო Sanitário La Llanada-ში გადაიყვანა.

მალევე, ორმა მიწისქვეშა ბიძგმა, რომელთა სიმძლავრე რიხტერის სკალით 7.2 და 7.5 მაგნიტუდა იყო, სასტუმრო მიწასთან გაასწორა. ზუსტად იგივე ბედი ეწია ამავე ქალაქში არსებულ ბევრ სხვა შენობასაც.

გადარჩენილთა მონაყოლის თანახმად, რომელიც მათმა ოჯახებმა გაავრცელეს, ნანგრევებიდან ცოცხლად თავის დაღწევა მხოლოდ 12-მა დეპორტირებულმა შეძლო. „მხოლოდ 12 გადავრჩით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა გადარჩენილმა, რომლის სიტყვებსაც იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa ციტირებს.

ოჯახები აცხადებენ, რომ მიგრანტების ადგილსამყოფლის შესახებ მათ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ. ისინი შემთხვევის ადგილზე დამატებითი სამაშველო ჯგუფების სასწრაფოდ გაგზავნას ითხოვენ.

ვენესუელის ხელისუფლებას ამ დრომდე დაღუპულთა სია არ გამოუქვეყნებია და არც დეპორტირებულთა ამ ჯგუფში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დაუსახელებია.

ეს ტრაგედია კიდევ უფრო ამძაფრებს მიწისძვრების შემდეგ ქალაქ ლა-გუაირაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის საერთო სურათს. ადგილზე კვლავ მუშაობენ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, გადარჩენილების პოვნის იმედი სულ უფრო მცირდება.

ორმა მძლავრმა მიწისძვრამ ვენესუელაში, მინიმუმ, 1 450 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათობით ათასი კი დაკარგულად მიიჩნევა. ბიძგების შედეგად, თითქმის 800 შენობა დაზიანდა.

 

სტატიის ავტორი: პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP – Rádio e Televisão de Portugal)

ფოტოს ავტორი: მიგელ მედინა / საინფორმაციოს სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ივნისი 2026, 10:06 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი