აშშ და „თალიბანი“ სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას დოჰაში მოაწერენ ხელს
აშშ და მოძრაობა „თალიბანი“ დღეს სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითვალისწინებს. შეთანხმება 29 თებერვალს დოჰაში უნდა გაფორმდეს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
პარალელურად კი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს აშშ-ში თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„თუ „თალიბანი“ და ავღანეთის მთავრობა ამ შეთანხმება დაიცავენ, ჩვენ გავხსნით გზას, რომელიც ავღანეთში ომის დასრულებასთან და ჩვენი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებასთან მიგვიყვანს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ისა და მოძრაობა „თალიბანის“ შეთანხმების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ დოკუმენტში გაწერილი იქნება ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პარამეტრები და გეგმა. თავის მხრივ, „თალიბანი“ პირობას დადებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებების აღარ იქნებიან.
სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზა ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა თალიბანს შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან.