აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული განიარაღების ხელშეწყობისთვის ყოველწლიურ ერთობლივ წვრთნებს შეაჩერებენ
აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული განიარაღების ხელშეწყობისთვის ყოველწლიურ ერთობლივ წვრთნებს შეაჩერებენ

აშშ და სამხრეთ კორეა შეაჩერებენ ყოველწლიურ მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ხელშეწყობისთვის.

კერძოდ, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ყოველწლიური მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელთა ჩატარებასაც ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება.

როგორც პენტაგონში განაცხადეს, საუბარია ფართომასშტაბიან სწავლებაზე სახელწოდებით „ახალგაზრდა არწივი“(Foal Eagle), ასევე მანევრებზე სახელწოდებით „საკვანძო სიმტკიცე“ (Key Resolve).

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონმა და სეულმა სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის ხელშეწყობისთვის განაცხადეს. თუმცა, როგორც პენტაგონში აღნიშნეს, ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან. ამავე დროს, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ-ის და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 4 მარტიდან ამერიკულ-კორეული სამხედრო წვრთნა Dong Maeng დაიწყება, რომელიც ცხრა დღეს გაგრძელდება. მანევრები ძირითადად თავდაცვითი ხასიათისაა.

აშშ და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ მასშტაბურ წვრთნებს ჩვეულებრივ გაზაფხულობით ატარებენ. გასულ წელს სწავლებაში „ახალგაზრდა არწივი“ 10 ათასი ამერიკელი და 290 ათასამდე სამხრეთ კორეელი სამხედრო მონაწილეობდა.