აშშ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას არ აპირებს
აშშ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, თუ პეკინი მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ვაშინგტონმა შესაძლოა, ტარიფები გააორმაგოს კიდეც.

„ჩინეთთან არსებული დისბალანსის დასარეგულირებლად გადამწყვეტი ზომები მივიღეთ. ჩინეთის საქონელზე 250 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფები დავაწესეთ. აღნიშნული მაჩვენებლის გაორმაგებაც შეგვიძლია. ამერიკის შეერთებული შტატები კურსს არ შეცვლის, სანამ ჩინეთი არ გააკეთებს იგივეს“, – განაცხადა მაიკ პენსმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გამოსვლის დროს.

თვის ბოლოს არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტი იგეგმება. ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან, შესაბამისად, პეკინი დიდი ოცეულის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხში არსებული უთანხმოების მოგვარებას იმედოვნებდა. მათ გარკვეული შეთანხმების იმედიც ჰქონდათ, თუმცა მაიკ პენსის განცხადების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოზიციების დათმობას არ აპირებს.