აშშ, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო წყნარი ოკეანის ჯგუფს ქმნიან
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და გაერთიანებულმა სამეფომ შექმნეს არაფორმალური ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებთან. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
მედიის ცნობით, ჯგუფი სახელწოდებით პარტნიორები „ლურჯ წყნარ ოკეანეში“, შეეცდება, მხარი დაუჭიროს წყნარი ოკეანის რეგიონალიზმს და გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები ამ სივრცის კუნძულებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.
„ჩვენ გაერთიანებული ვართ ჩვენს საერთო გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ რეგიონს, რომელიც სარგებელს მოუტანს წყნარი ოკეანის ხალხებს. ჩვენ ასევე გაერთიანებული ვართ იმაში, თუ როგორ ვახორციელებთ ამ ხედვას – წყნარი ოკეანის რეგიონალიზმის, სუვერენიტეტის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების პრინციპების მიხედვით და რაც მთავარია, ეს ყველაფერი წყნარი ოკეანის კუნძულების ხელმძღვანელობით“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირობა დადეს, რომ მეტ რესურსს დახარჯავენ ინდო-წყნარ ოკეანეში, რადგან ამ სივრცეში ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს ეკონომიკური, სამხედრო და საპოლიციო კავშირები წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებთან, რომლებსაც უცხოური ინვესტიციების მოთხოვნილება აქვთ.