აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ტრამპმა სპეციალურ პროკურორს წერილობითი პასუხები გაუგზავნა
აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა სპეციალურ პროკურ რობერტ მიულერს წერილობითი პასუხები გაუგზავნა. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან. აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის განცხადებით, დონალდ ტრამპი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უპრეცედენტო მზადყოფნას გამოხატავს.
რუდოლფ ჯულიანი აცხადებს, რომ გამოძიებაში არსებული კითხვების წერილობით პასუხებში მოულოდნელი არაფერია. ადვოკატის განმარტებით, წერილობით პასუხებში არაფერია ისეთი, რაც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. სწორედ ამიტომ, რუდოლფ ჯულიანი დონალდ ტრამპთან დაკავშირებით არსებული გამოძიების შეჩერებას ითხოვს.
რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის კითხვებს მარტივად უპასუხა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო მათი გაგზავნა ვერ მოახერხა.
თუმცა New York Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სპეციალური პროკურორის კითხვებზე პასუხების მოსამზადებლად დონალდ ტრამპმა საკუთარ ადვოკატებთან ერთად 20 საათი გაატარა.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დონალდ ტრამპის ჯგუფის ოთხ ყოფილ თანამშრომელს და რუსეთის 26 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს. სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიებას დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს და მას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.