ასაკობრივი ნაკრებების სამხრეთ აფრიკული ტურნე ჩაიშალა - ჩატარდება თუ არა ბორჯღალოსნების ისტორიული მატჩი
ასაკობრივი ნაკრებების სამხრეთ აფრიკული ტურნე ჩაიშალა - ჩატარდება თუ არა ბორჯღალოსნების ისტორიული მატჩი

საქართველოს მორგაბეთა 18 წლამდე და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებები სამხრეთ აფიკაში კორონავირუსის გამო ვერ გაემგზავრებიან.

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს წელს აპრილში, რუსეთის ქალაქ კალინინგრადში ევროპის ჩემპიონატში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც რაგბი ევროპამ გაურკვეველი ვადით გადადო. დავით ჩავლეიშვილის გაწვრთნილ გუნდს 20-30 მარტს სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ ტურნირშიც უნდა ეასპარეზა, თუმცა აღნიშნული სპორტული ღონისძიება კორონავირუსის გამო ჩაიშალა.

რაც შეეხება საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრებს. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 2020 წლის მსოფლიოს თასისთვის ემზადებოდა, სადაც ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მოხვდა 12 ელიტურ გუნდს შორის. ტურნირი ზაფხულში იტალიაში იყო ჩანიშნული, თუმცა დიდი ალბათობით, 20 წლამდელთა მსოფლიო თასი წელს არ გაიმართება.

უმცროს ბორჯღალოსნებს მსოფლიოს თასამდე მნიშვნელოვანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა კორონავირუსის გამო ეს ტურნეც ჩაიშალა.

უცნობია, რა ბედი ეწევა ზაფხულში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტესტ მატჩებს და 18 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სამხრეთ აფრიკასთან დაგეგმილ ისტორიულ შეხვედრას. როგორც 20 წლამდელთა მსოფლიოს თასზე, ასევე ეროვნული ნაკრების ტესტ მატჩებზე საქართველოს რაგბის კავშირი მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდება.