ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინებების შემდეგ ევროპის მასშტაბით შვიდი თვითმფრინავი შეამოწმეს, სხვადასხვა ქვეყნის უწყებები იკვლევენ, ხომ არ იყო ინციდენტები კოორდინირებული თავდასხმის ნაწილი

22:58, 03.11.2026

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ რამდენიმე საეჭვო შეტყობინების გავრცელების შემდეგ ევროპის მასშტაბით შვიდი სამგზავრო თვითმფრინავი შეამოწმეს. მათგან ორი დიდი ბრიტანეთიდან გაფრინდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღევანდელ ინციდენტებს „განზრახ გავრცელებული ცრუ შეტყობინებები“ უწოდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი საავიაციო უსაფრთხოების სისტემა აქვს, რომელიც ნებისმიერი პოტენციური საფრთხისა და განზრახ გავრცელებული ცრუ შეტყობინების შემთხვევებზე რეაგირების კარგად გამოცდილი პროცედურებითაა უზრუნველყოფილი“.

„სწორედ ასეთი შემთხვევები ვიხილეთ დღესაც“, — აღნიშნულია განცხადებაში.

რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში დაშვების შემდეგ Ryanair-ის ორი თვითმფრინავი შეამოწმეს. ერთი მათგანი — დუბლინიდან, მეორე კი ლისაბონიდან გაფრინდა. „ბიბისის“ ცნობით, აეროპორტის წყაროების ინფორმაციით, შემოწმება ანონიმური შეტყობინებების საფუძველზე ჩატარდა, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ. თვითმფრინავები ასევე შეამოწმეს პოლონეთში, ესპანეთსა და ბულგარეთში.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამ შემთხვევებს შორის კავშირი დადგენილი არ არის, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებები თანამშრომლობენ, რათა დაადგინონ, ხომ არ იყო ეს ინციდენტები საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით დაგეგმილი კოორდინირებული თავდასხმის ნაწილი.

მსგავსი