AS-ი - „ბარსელონა“ ნახევარდაცვის გაძლიერებას იოზუა კიმიხის ტრანსფერით გეგმავს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ზაფხულში „ბარსელონას“ სამიზნე კიდევ ერთხელ იქნება, – იუწყება ესპანური გამოცემის, Diario AS-ის ჟურნალისტი მანუ საინსი.
წყაროს ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი რამდენჯერმე გაესაუბრა. საინსი ირწმუნება, რომ კიმიხი ესპანეთში გადაბარგების სურვილს ღიად გამოხატავს.
„რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი კიმიხს 2024 წლის ივლისში ეწურება. თუ „ბაიერნი“ მას მომდევნო ზაფხულს არ გაყიდის, ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვის საფრთხეც რეალური გახდება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში გერმანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ი მას 75 მილიონ ევროდ აფასებს.