შოთა არველაძე, შესაძლოა, „ტრაბზონსპორის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ბოლო სამი მატჩიდან ორი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში ლევან შენგელიას „ქონიასფორთან“ წაგების (3:4) შემდეგ, გუნდის მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშიც სათუო გახდა და მოსახდენი მოხდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჰუსეინ ჩიმშირს კონტრაქტი გაუწყვიტეს და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს.
თურქულმა მედიამ ჩიმშირის სამი შემცვლელის ვინაობა დაასახელა, ერთი მათგანი კი ქართველი სპეციალისტია, რომელიც „ტრაბზონში“ 1993-97 წლებში ტყუპისცალ არჩილ არველაძესთან ერთად თამაშობდა და გუნდის ლეგენდაა. ამას გარდა, შოთა „ტრაბზონსპორს“ მთავარ მწვრთნელის რანგში 2015 წელს უკვე წვრთნიდა.
საინტერესოა, რომ არველაძე თურქული მხარის ინტერესს ადასტურებს. ამჟამად, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელია – მისი ხელმძღვანელობით 2019 წელს გუნდმა ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, ქართველი სპეციალისტი კი უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.