არველაძემ ინგლისელებისთვის უსიამოვნო ისტორია გაიხსენა - პირველი შეხება ფეხბურთთან მაშინ მქონდა, როცა „დინამომ“ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა #1TVSPORT
„ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი ინტერვიუ კლუბის ვებ-გვედრდთან ჩაწერა და საკუთარ გეგმებსა და იმედებზე ისაუბრა.
„ვინც ფეხბურთში მოღვაწეობს, ყველას ინგლისში მუშაობა სურს და მადლობა მათ, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. წინ ვიყურები და პირველი შეხვედრის დიდი მოლოდინი მაქვს, ფეხბურთელებთან და ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
ინგლისური ფეხბურთი დიდებულია, მდიდარი ისტორია და ტრადიციაა, სადაც თამაშებზე ბაბუები შვილიშვილებთან ერთად დადიან. პირველი შეხება ფეხბურთთან 6 წლისას საქართველოში მქონდა, სადაც გავიზარდე – ძმებთან, ბაბუასთან და მამასთან ერთად თბილისის „დინამოსა“ და „ლივერპულის“ თამაშზე წავედი, რომელიც 3:0 მოვიგეთ. კარგად მახსოვს, თბილისში წვიმდა და თამაშზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. ამ ქვეყნისათვის ფეხბურთი განსაკუთრებული რამაა, კულტურის ნაწილია და ამიტომაც ჩემს ოჯახთან ერთად ვამაყობ, აქ რომ მოვხვდი.
მწვრთნელად რამდენიმე ქვეყანაში ვიმუშავე. ყოველი წელი, განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელობისას, უცხოეთში მუშაობა და უცხო კულტურებთან შეხება გამოცდილებას მმატებდა და ძლიერს მხდიდა. მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და იმ ხალხის იმედების გამართლება შემიძლია, ვინც აქ მომიწვია და ვისაც ჩემი სჯერა.
არაერთ ცნობილ მწვრთნელთან ვიმუშავე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზეც და უნდა გითხრათ, რომ ამ მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. მაგრამ არცერთი მათგანის მუშაობის სტილის კოპირება არ მიცდია, რადგან მთავარ მწვრთნელობასა და ასისტენტობას შორის დიდი განსხვავებაა.
მე სანახაობრივი ფეხბურთი მიყვარს. ფეხბურთელებს უნდა მივცე მაქსიმუმი და მათაც იგივე უნდა გააკეთონ. შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ ეს ნორმალურია და პროცესის ნაწილია, თუ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.
უზბეკეთში გატარებულ პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ იქ წასვლა რთულად გადავწყვიტე. „ფახთაქორი“ ჩემთვის გამოწვევა გახლდათ. ეს დიდი კლუბია. იქ სულ მზეა, 45 გრადუსი, 50, 60. ცოტა ნელი რიტმია. მადლობა ამ კლუბის ხელმძღვანელებს, ვინც გვერდით გვედგა. ასე მოვიდა წარმატებები როგორც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, ისე საშინაო ასპარეზზე.
რამდენად „მშიერი“ ვარ „ჰალ სიტიში“ წარმატებებთან მიმართებაში? სხვათა შორის, ჯერ არ მისაუზმია (იცინის).მოტივირებული ვარ, ვაჩვენო ამ გუნდთან და ბიჭებთან ერთად, რომ ენერგიულები, მიზანსწრაფულები, წარმატებულები და ხარისხიანები შეგვიძლია ვიყოთ. იქნება აღმავლობები და ჩავარდნები, ეს ფეხბურთია, მაგრამ ქომაგებმა უნდა ნახონ, რომ ყოველ წამს ჩვენი გუნდი წინ მიდის.
შესაძლოა, გარკვეულწილად, რთული პერიოდი გვიდგას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემს წინამორბედს, ვინც მუშაობდა და მოახერხა ის, რომ კლუბი არის სახიფათო ზონის ზემოთ. მოპოვებული ქულები ჩვენთვის გარკვეულ იმედს იძლევა. მჯერა, რომ ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლას შევძლებთ, მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებ – კლუბის ფანების თანადგომის იმედი მაქვს. მომავალ მატჩი „სუონსისთან“ გვაქვს – მინდა „ჰალის“ ქომაგებს ვუთხრა, რომ შევეცდებით მუდამ შემტევი და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“