არველაძე მზადაა „ჰალი“ დატოვოს - ზედიზედ მეოთხედ მარცხის მიუხედავად, შოთას დრო მისცეს #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ისევ დამარცხდა – ქართველი სპეციალისტის გუნდმა ჩემპიონშიფის მე-11 ტურში გასვლაზე „სუონსი სიტისთან“ 0:3 წააგო და არველაძემ განაცხადა, რომ არაა დარწმუნებული, პოსტს თუ შეინარჩუნებს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში „სუონსიმ“ უპირატესობა მოიპოვა – 61-ე წუთზე რაიან მენინგმა ანგარიში გახსნა, ხოლო სამ წუთში ლუკ კენდლიმ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი ჯოელ პირომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
არველაძემ „სტოკ სიტისთან“ წაგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება შეიტანა, მაგრამ გუნდს ვერც ამ ცვლილებებმა უშველა. „ჰალ სიტის“ კრიზისი აქვს – გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 11 გოლი გაუშვა, თავად კი მხოლოდ 1 გაიტანა. შედეგად გუნდი ლიგაში მე-20 ადგილზე დაქვეითდა.
შოთა არველაძემ განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, „სუონსისთან“ წაგების შემდეგ, პოსტს თუ შეინარჩუნებს. მაგრამ „ჰალ ლაივის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქართველი სპეციალისტი იქნება სათადარიგოთა სკამზე ლიგის შემდეგ ორ მატჩზე.
„არველაძე გათავისუფლებისთვის მზად იყო მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტი“ „სუონსისთან“ 0:3 დამარცხდა და ლიგაში მე-20 ადგილზე დაქვეითდა. მან მატჩის შემდგომ ძალიან პესიმისტურ ინტერვიუში აღიარა, რომ ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ მზადაა დატოვოს პოსტი, „ჰალში“ დანიშვნიდან მხოლოდ 233 დღის შემდეგ, რაც „ვეფხვებს“ ხელმძღვანელობს.
მაგრამ Hull Live-ის ცნობით, გუნდის მფლობელ აჯუნ ილიჯალისთან შეხვედრის შემდეგ, არველაძეს მიეცა დრო, რათა შეაჩეროს ვარდნა.
„ჰალ სიტის“ ახლა თითქმის ორი კვირა აქვს მოსამზადებლად სანაკრებო პაუზის შემდეგ და ორი გადამწყვეტი საშინაო თამაში ელის -„ლუტონ თაუნთან“ 30 სექტემბერს და 5 ოქტომბერს „უიგან ატლეტიკთან“. ეს თამაშები გადამწყვეტი იქნება.
კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ არველაძეს შეუძლია შესვენებაზე შეცვალოს ფეხბურთელების დამოკიდებულება. მათ ისიც იციან, რომ არველაძის გუნდში ბევრს ტრავმა და ჯანმრთელობის პრობლემა აქვს“, – ამტკიცებს „ჰალ ლაივი“.