არველაძე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - საუკეთესო მეგობართან ვისაუბრეთ ქართულ და ესპანურ ფეხბურთზე #1TVSPORT
არველაძე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - საუკეთესო მეგობართან ვისაუბრეთ ქართულ და ესპანურ ფეხბურთზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში, „თბილისი მარიოტში“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლუის რუბიალესთან შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა. 

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და „ლევანტეში“, ჩემს საუკეთესო მეგობარს, ლუის რუბიალესს შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ, ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთზე. გამორჩეული ადამიანი და საფეხბურთო ფუნქციონერია. წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძე 2007-2008 წლებში ესპანეთში „ლვანტეში“ თამაშობდა და მაშინ დაუმეგობრდა ლუის რუბიალესს (2003-2008 წლებში თამაშობდა). ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 43 წლისაა, თამაშობდა მცველად – გამოდიოდა „მალიორკაში“, „ხერესში“, „ლევანტეში“, „ალიკანტეში“, „ჰამილტონში“. ვიკიპედიაში საინტერესოდ არის დახასიათებული – „პატიოსანი და მამაცი მოთამაშე“.

კარიერის დასრულების შემდეგ, 2010 წლის მარტში, რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის (AFE) პრეზიდენტად აირჩიეს. თანამდებობა 2017 წლის ნოემბერში დატოვა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა კანდიდატურა, რომლის ხელმძღვანელადაც 2018 წლის მაისში აირჩიეს.