შოთა არველაძე - მგონია, რომ ყველაზე მეტი შანსი მაინც საბერძნეთთან გვაქვს #1TVSPORT
შოთა არველაძე - მგონია, რომ ყველაზე მეტი შანსი მაინც საბერძნეთთან გვაქვს #1TVSPORT

შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას, შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაზე ილაპარაკა. 

„ალბათ, სანიოლისთან კონტრაქტი ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმდა და აზრების გაზიარება მოხდა. დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მისი გუშინდელი განცხადება მენიშნა – ასეთ ნაკრებში არ შეიძლება მხოლოდ იმაზე იფიქრო, ვაიმე, თამაში არ წავაგოო. საერთოდ, ასეთია ფეხბურთი -, ვისგანაც საერთოდ არაფერს ელი, ის უფრო მეტს აღწევს. ჩვენ კი საინტერესო ბიჭები გვყავს. ჩემი აზრით, სანიოლის გააზრებული აქვს, რა უნდა. ჩვენ კლოპისა და მოურინიოს დანიშვნა გვსურდა, მის მიმართ კი დიდი მოლოდინი არ არის, მაგრამ ამის ფონზე რამეს თუ მიაღწევს, მეტი ნდობა გაჩნდება“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ შოთა არველაძე.

მან მჭიდრო სათამაშო გრაფიკზეც ილაპარაკა: „რთულ ჯგუფში ვართ, სამ დღეში სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალება გუნდს სულ სამჯერ მიეცემა, მაგრამ საამისოდ ხომ წინასწარ ემზადებოდა, იგივე იბარჰიმოვიჩის დაბრუნებისთვის. შვედეთის ნაკრების შემდეგ ესპანეთს თბილისში ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, ამ სამ თამაშში ფეხბურთელებს როგორ გადავანაწილებთ, რადგან რესურსებით მაინც შეზღუდულები ვართ. მთავარია, სანიოლს ამ სამ თამაშში რამდენი ქულა აქვს დაგეგმილი და ქულის მოპოვების მეტ შანსს ვისთან ხედავს. შესაძლოა, ამ სტრატეგიით ესპანეთთან ვინმე დაასვენო. მე, როგორც მწვრთნელი, ვიფიქრებდი, რამდენი ქულა უნდა ავიღოთ, მოტივაცია რომ შევინარჩუნოთ. ღმერთმა არ ქნას, რომ უქულოდ დავრჩეთ, შესარჩევი ციკლის დაწყებისთანავე სტიმული გაქრება“.

არველაძე ყველაზე იმედიანად საბერძნეთთან მატჩს ელის: „ყველაზე მეტი ვფიქრობ, ჩაფიქრებული ოთხი ქულის მოპოვებაა. მოწინააღმდეგესაც იგივე გრაფიკი აქვს, ძალები როგორ გადაანაწილოს. თუმცა, მეტი რესურსი აქვს. მაინც ვფიქრობ, მეტი შანსი საბერძნეთში გვაქვს, სადაც მწვრთნელები ჩემი მეგობრები არიან – ჯონ ვან შხიპი და აარონ ვინტერი. არ მგონია, რომ საბერძნეთის ნაკრები ადრინდელივით დიდ ძალას წარმოადგენდეს, მით უფრო, უმაყურებლოდ, ნახევარი გუნდია. სანიოლმა ამ სტრატეგიით თუ გათვალა, აქცენტს საბერძნეთთან გააკეთებს. არ ვამბობ, ვისთან მოიგო და ვისთან წააგო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს საქმე მაინც ქულებს ეხება“.