„არსენალმა“ მზადება დაიწყო - დავითაშვილი შეზღუდვებით ვარჯიშობს #1TVSPORT
„არსენალმა“ მზადება დაიწყო - დავითაშვილი შეზღუდვებით ვარჯიშობს #1TVSPORT

ტულას „არსენალმა“ რუსეთის ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადება დაიწყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თურქეთში სამი შეკრება დაგეგმა. პირველი უკვე დაიწყო და „არსენალი“ ბელეკში იმყოფება.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდის შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელის მიოდრაგ ბოჟოვიჩის ხელმძღვანელობით 25 ფეხბურთელი ვარჯიშობს – გუნდთან ერთად თურქეთშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.

მაგრამ „არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ქართველი შემტევი, ისევე როგორც ივან ნოვოსელცევი და არტიომ სუხანოვი, საერთო ჯგუფში შეზღუდვებით ვარჯიშობს. მიზეზი საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მიღებული ტრავმაა.

მიოდრაგ ბოზოვიჩის თქმით, პირველი შეკრება ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობას დაეთმობა. შეკრება 21 იანვრამდე გაგრძელდება. „არსენალმა“ პირველ მოსამზადებელ ეტაპზე ორი ტესტ-მატჩი დანიშნა. მეტოქეები უნგრული კლუბები „კიშვარდა“ (18 იანვარს) და „სეგედი“ (21 იანვარს) იქნებიან.