ინგლისში 2023-24 წლების სეზონი ლონდონში, „უემბლის” სტადიონზე სუპერთასის ფინალით გაიხსნა, რომელშიც „არსენალმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.
ანგარიში 77-ე წუთზე კევინ დე ბრუინის პასით 21 წლის კოულ პალმერმა გახსნა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
„სიტი“ ახლოს იყო ძირითად დროში გამარჯვებასთან, მაგრამ მსაჯმა შეხვედრას 12 წუთი დაამატა და 101-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ლეანდრო ტროსარმა ანგარიში გაათანაბრა. საგოლე პასი მას ბუკაიო საკამ მისცა.
მატჩის ფორმატის მიხედვით, დამატებითი დრო არ იყო გათვალისწინებული და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „არსენალმა“ შეასრულა. მანჩესტერელთა მხრიდან 11-მეტრიანები გააფუჭეს დე ბრუინმა და როდრიმ, ლონდონელებმა კი ოთხიდან ოთხი გაიტანეს და მეხუთე პენალტის შესრულება საჭირო აღარ გახდა.
„არსენალმა“ თავის ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო ინგლისის სუპერთასი, „სიტიმ“ კი ზედიზედ მესამედ წააგო ეს ტურნირი – შარშანდელი და შარშანწინდელი ფინალები პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლესტერთან“ (0:1) და „ლივერპულთან“ (1:3) დათმო.
არსენალი-მანჩესტერ სიტი 1:1 პენ. 4:2
გოლი: 0:1 პალმერი (77), 1:1 ტროსარი (100)
არსენალი: რემსდეილი, უაიტი, გაბრიელი (87. სმიტ-როუ), სალიბა, ტიმბერი (76. ტირნი), პარტეი, ედეგორი, რაისი (81. ნკეტია), ჰავერტცი (88. ფაბიო ვიეირა), საკა, მარტინელი (75. ტროსარი).
მანჩესტერ სიტი: ორტეგა, უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, აკანჯი, პალმერი, კოვაჩიჩი (64. დე ბრუიმი), გრილიში (58. ფოდენი), ბერნარდო სილვა, როდრი, ჰალანდი (64. პალმერი), ალვარესი.