არსენ ავაკოვი - ზელენსკის მხარს უჭერს ელექტორატი, რომელსაც რუსულენოვან პატრიოტებს უწოდებენ
არსენ ავაკოვი - ზელენსკის მხარს უჭერს ელექტორატი, რომელსაც რუსულენოვან პატრიოტებს უწოდებენ

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ პირველი ტურის შედეგებით იმედგაცრუებული არ არის.

როგორც ავაკოვმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებშ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.

„არ ვარ იმედგაცრუებული პირველი ტურის შედეგებით. ჩემი პირადი სიმპატიები და ანტიპატიები ლაგდება იმით, რომ თავად ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ამისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და შედეგიც სახეზეა. ვლადიმირ ზელენსკის მხარს უჭერს ელექტორატის ის ნაწილი, რომელსაც რუსულენოვან პატრიოტებს უწოდებენ. ისინი ეძებდნენ შესაბამის კანდიდატს და იპოვეს. სწორედ ეს არის მის მიმართ ნდობის ზრდადი ტენდენცია. კანდიდატები, ვგულისხმობ ზელენსკის და პოროშენკოს, უნდა იყვნენ გულწრფელები. ვინც ამ ასპარეზობაში გაიმარჯვებს, სწორედ ის იქნება უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა ავაკოვმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ ეტაპზე დათვლილია ბიულეტენების 80% პროცენტზე მეტი. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლიდერობს მხოლოდ ლვოვის და ტერნოპოლის ოლქში, ივანო-ფრანკოვსკში იგებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იული ტიმოშენკო, ხოლო ლუგანსკსა და დონეცკში იური ბოიკო იმარჯვებს. დანარჩენ 19 რეგიონში კი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. ქვეყნის მასშტაბით მას მიღებული აქვს ხმების 30,41 პროცენტი, მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო 16.03%-ით, ხოლო მესამეზე იულია ტიმოშენკო – 13,24%-ით.

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დაადასტურეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს, რომლის გამართვის ბოლო ვადა 21 აპრილია.