ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების სეანსები გაიმართება
ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების სეანსები გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და კინოსტუდია „ქართული ფილმი“, არქივების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, დღეს, 13:00 და 15:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების სეანსებს გამართავს.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. მიმდინარე წელს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გასტანს.

ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით 2018-2019 წლებში დაიწყო პროექტი „რე-ანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე ცხრა ქართული ანიმაციური ფილმი ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს.

პროექტის შედეგად 1960-1980-იანი წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა. ფილმებს შორისაა: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი); „სახლობანა“ (1973 წელი); „საზამთრო“ (1974 წელი); „თერძი ბესო“ (1977 წელი); „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი); „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი); „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი).

სეანსებზე დასწრება თავისუფალია.