არქეოლოგებმა პირველად გაშიფრეს მაიას ცივილიზაციის ასტრონომის სახელი

12:33, 15.07.2026
არქეოლოგიური გათხრები (საილუსტრაციო ფოტო)

არქეოლოგიური გათხრები (საილუსტრაციო ფოტო)

ისტორიაში პირველად, არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის ასტრონომისა და მათემატიკოსის სრული სახელის გაშიფვრა მოახერხეს. როგორც ირკვევა, მას „თეთრმკერდა მელა“ ერქვა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ გვატემალის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ექსპერტებმა სან-ბარტოლო-შულტუნის არქეოლოგიური ძეგლის კედლებზე არსებული სიმბოლოების გაშიფვრა მოახერხეს. მაიას ტომს მიკუთვნებული ამ ძეგლის ნანგრევები მექსიკის საზღვართან მდებარეობს და ის ძვ. წ. 400 წლიდან ახ. წ. 900 წლამდე პერიოდით თარიღდება.

„მკვლევრებმა შულტუნში რთული მათემატიკური და ასტრონომიული ფორმულა გაშიფრეს. გაირკვა, რომ მისი ავტორია საკ ტან ვააკსი (Sak Tan Vaaks), რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „ზორო დე პაჩო ბლანკო“, ანუ „თეთრმკერდა მელა“ (Fox with a White Chest)“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გვატემალის კულტურის მინისტრმა, ლუის მენდესმა. მისივე თქმით, დღემდე ეს ერთადერთი ცნობილი წარწერაა, რომლის ავტორადაც კლასიკური პერიოდის (250–900 წწ.) მაიას ტომის მათემატიკოსი მიიჩნევა.

მინისტრის განმარტებით, მაიას ტომის წარმომადგენელი ასტრონომის სახელის გაშიფვრა 2010 წელს იმავე ნაგებობაში აღმოჩენილი წარწერების შესწავლის შედეგია. ეს წარწერები აღმოჩენილია ნაგებობაში, სადაც, მკვლევართა ვარაუდით, „თეთრმკერდა მელა“ სხვა ტააჯებთან – ასტრონომიისა და მათემატიკის სპეციალისტებთან ერთად ცხოვრობდა.

„გაშიფვრა კედელზე ამოკვეთილი 50-ზე მეტი მათემატიკური და ასტრონომიული მიკროტექსტის ეპიგრაფიკული ანალიზის წყალობით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ლუის მენდესმა.

სულ გაშიფრულია 11 სიმბოლო.

მაიას ცივილიზაციის დაცემა ახ. წ. 900 წლიდან დაიწყო, რაც მისი პოსტკლასიკური პერიოდის დასაწყისი გახდა, ხოლო საბოლოო კოლაფსი მე-16 საუკუნის დასაწყისში, ესპანელი კონკისტადორების მოსვლასთან ერთად განიცადა.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ივლისი, 2026, 22:32 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი