არქეოლოგებმა ჩეხეთში 6 000 წელზე მეტი ხნის სამარხი აღმოაჩინეს

12:05, 30.07.2026
ლიტომერჟიცეში არქეოლოგები მუშაობენ

ლიტომერჟიცეში არქეოლოგები მუშაობენ

ლიტომერჟიცეში (ჩეხეთის რესპუბლიკა), საკათედრო ტაძრის მახლობლად, არქეოლოგებმა ნეოლითური დასახლების არსებობის დამადასტურებელი კვალი აღმოაჩინეს. ეპისკოპოსის რეზიდენციასთან ახლოს, მათ 6 000 წელზე მეტი ხნის სამარხს მიაგნეს, რომელშიც 15 წლის ბიჭის ჩონჩხის ნარჩენები იყო შემორჩენილი. იმავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, XII საუკუნის საქორწინო ბეჭედი და სხვა ღირებული ნივთები – ამ ინფორმაციას ლიტომერჟიცის საეპისკოპოსო ავრცელებს.

 

მდინარე ელბას ზემოთ მდებარე ბორცვი ლიტომერჟიცეში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია. „აქ უძველესი დასახლების არსებობის კვალი ნეოლითის ხანის, ანუ მიწათმოქმედების ეპოქის დასაწყისის დროინდელი არტეფაქტების აღმოჩენით დასტურდება. ისინი „შტრიხული კერამიკის კულტურას“ მიეკუთვნებიან, რომლებსაც ეს სახელი კერამიკაზე დატანილი ორნამენტების გამო ეწოდათ. ჩვენ დაახლოებით ძვ. წ. 3500 წლის პერიოდზე ვსაუბრობთ“, – აცხადებს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, მილან სიკორა.

ისინი ჩეხეთის დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირველ მიწათმოქმედთა შორის იყვნენ. ეს კულტურა, სავარაუდოდ, სწორედ ამ რეგიონში წარმოიშვა, ხოლო შემდეგ ბოჰემიიდან გავრცელდა როგორც ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში, ისე მორავიის გავლით – პოლონეთსა და დასავლეთ სლოვაკეთში. ეს ადამიანები იმ მიწათმოქმედთა შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ანატოლიიდან და ბალკანეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადასახლდნენ და მეზოლითურ ეპოქაში თანდათანობით შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც მონადირებას მისდევდნენ და შემგროვებლობას ეწეოდნენ. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი და პარკოსანი მცენარეეები, მოშენებული ჰყავდათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი. ისინი ცხოვრობდნენ ხის „გრძელ სახლებში“, რომელთაგან ზოგიერთის სიგრძე 30 მეტრს აღემატებოდა; სავარაუდოა, რომ ერთ სახლში რამდენიმე თაობისგან შემდგარი დიდი ოჯახები ერთად სახლობდნენ.

უნიკალური სამარხი

უნიკალურ აღმოჩენას წარმოადგენს სამარხი, რომელიც ნაპოვნია არა მხოლოდ მამაკაცის ნაშთები, არამედ ასევე 12 ჭურჭელი, რომელთაგან ზოგიერთი ჩინებულ მდგომარეობაშია შემონახული. „ამ მამაკაცს თან ჰქონდა გაპრიალებული ქვის ცული. ამასთან, კერამიკულ ჭურჭელში აღმოჩენილია ძვლების ფრაგმენტები, თუმცა არ ვიცით, ეს კრემაციის შედეგად დარჩენილი ნაშთებია თუ დამატებითი სამარხი ინვენტარი“, – განმარტა სიკორამ. „ცენტრალურ ევროპაში ასეთი ინვენტარით აღჭურვილი სხვა მსგავსი სამარხი ჩვენთვის, ფაქტობრივად, ცნობილი არ არის“, – დასძინა მან.

არქეოლოგები დეტალურად შეისწავლიან ნაპოვნ ნივთებს, ისევე როგორც თორმეტივე ჭურჭლის შიგთავსს. დამუშავების შემდეგ, ეს ყველაფერი ლიტომერჟიცის მუზეუმს გადაეცემა და იქ მუდმივ ექსპონატებად განთავსდება. არქეოლოგები საეპისკოპოსოს შეთანხმდნენ, რომ კვლევის დასრულების შემდეგ ერთობლივ გამოფენას მოაწყობენ.

არქეოლოგიური გათხრები ლიტომერჟიცეში

„ჩვენ ასევე აღმოვჩინეთ ქამრის სამაგრები, რომლებიც სლავურ-ავარულ პერიოდს, ანუ დაახლოებით VII საუკუნეს მიეკუთვნება, როდესაც ეს ორი ეთნიკური ჯგუფი აქ თანაარსებობდა და ამავე დროს, ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ეს არის ამ ტიპის პირველი მიგნება ლიტომერჟიცის რეგიონში“, – აღტაცებით საუბრობს სიკორა.

პრჟემისლიდების დინასტიის გამაგრებული დასახლება

არქეოლოგიური კვლევა უშუალოდ იმ მოედანზე ჩატარდა, რომელიც ოდესღაც ბოლესლავ I-ის მიერ დაარსებული გამაგრებული დასახლების ნაწილი იყო და პრჟემისლიდების (სამეფო დინასტია, რომელიც ბოჰემიას და მიმდებარე მიწებს IX საუკუნიდან 1306 წლამდე მართავდა – „ევროპული პერსპექტივა“) დასაყრდენს წარმოადგენდა. მოგვიანებით, იქ სობესლავ I-მა კაპიტული დააფუძნა. პროვოსტის რეზიდენციის წინ ჩატარებული გათხრებისას, სიკორამ და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ტიპის შენობისა და ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც, ძირითადად, ხისგან იყო დამზადებული. მათ ასევე იპოვეს საფეიქრო დაზგის საწონები და მონეტები.

არქეოლოგების თქმით, სხვა ღირებულ მიგნებებს შორის არის დაახლოებით 1200 წლით დათარიღებული დამწვარი სახლის ნაშთები, ასევე XII საუკუნის საქორწინო ბეჭედი. „ის ბრინჯაოსგან არის დამზადებული და შედგება რგოლისგან, რომელსაც მცენარეული მოტივებით შემკული ორი მრგვალი დისკო აქვს. ისინი ერთმანეთთან კვადრატული ფირფიტით და მასზე ამოტვიფრული ჯვრით არის დაკავშირებული“, – განმარტა სიკორამ.

 

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: ლიტომერჟიცის საეპისკოპოსოს პრესსამსახური (DLTM – Diecéze litoměřická)

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ივლისი, 2026 წელი, 11:26 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი