არნოლდ სტეპანიანი – პოლიტიკოსები უმცირესობების თემით წინასაარჩევნო პერიოდში ინტერესდებიან

14:48, 09.10.2018

პოლიტიკოსები უმცირესობათა თემით რატომღაც წინასაარჩევნო პერიოდის დროს ინტერესდებიან, – ამის შესახებ „მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარემ, არნოლდ სტეპანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში უმცირესობათა წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი ხვდებიან და ძირითადად სოციალურ პრობლემებზე ესაუბრებიან.

როგორც არნოლდ სტეპანიანი ამბობს, ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა ენის პრობლემა და განათლების საკითხი, სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

ამასთან, როგორც სტეპანიანი ამბობს, ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ ეროვნული უმცირესობა ადეკვატურად არ იღებს მონაწილეობას ქვეყნის მშენებლობის პროცესებში.

„ჩვენ, როგორც მოსახლეობის 20% დღესაც არ ვართ იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ქვეყნის მშენებლობის პროცესი. მიზეზი არის სტერეოტიპები და სიფრთხილე უმცირესობის მიმართ. ქართულ საზოგადოებას, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების შემდეგ, გარკვეული ტრავმა გვაქვს ყველას. რაღაც უნდობლობა გაჩნდა და ეს დიდ როლს თამაშობს სამოქალაქო ინტეგრაციაზე. რატომღაც პოლიტიკოსებს უმცირესობათა თემა აინტერესებთ წინასაარჩევნო პერიოდის დროს“, – განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.

მსგავსი