არმენ სარქისიანი - საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უნდა გაუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას
არმენ სარქისიანი - საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უნდა გაუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას

საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უნდა გაუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც ხანგრძლივი და ისტორიული ურთიერთობა გვაკავშირებს. მე აქ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები. შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თუმცა ჩვენ შორის სატელეფონი კომუნიკაცია შედგა და მოვახერხეთ ინფორმაციის გაცვლა. უახლოეს მომავალში იგეგმება პრემიერის ვიზიტი სომხეთში.

ჩვენი შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობები, გავცვალეთ ხედვები, თუ როგორ ვხედავთ რეგიონის განვითარების გზებს. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა. დღეს ჩვენი რეგიონის წინაშე საკმაოდ რთული გამოწვევებია.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არცახისთვის სამართლიანი სტატუსის მინიჭების საკითხი. საქართველო მზად არის, იტვირთოს მედიატორის როლი ორ ქვეყანას შორის და შემოგვთავაზოს პლატფორმა“, – განაცხადა სარქისიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა პანდემიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მას კარგად უმკლავდება.

„დღემდე მთელ მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხალხი იღუპება კოვიდის გამო. საჭიროა ჯანდაცვის და ეკონომიკის კუთხით ნაბიჯების გადადგმა. საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება პანდემიას. გუშინ 21:00 საათის მერე ვინმე დაინახეთ ქუჩაში? მე არავინ დამინახავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კოვიდს კარგად უმკლავდება“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევა.

„სურვილი მქონდა, ვწვეოდი სამცხე-ჯავახეთს, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა. უახლოეს მომავალში საქართველოს კვლავ ვეწვევი და ამ რეგიონსაც დავათვალიერებ. ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ საქართველოსთან ურთიერთობას“, – განაცხადა სარქისიანმა.