არმაზ ახვლედიანი – იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები – მტერი და მოღალატე

15:03, 18.11.2022

მინიმუმ იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები – მტერი და მოღალატე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

ახვლედიანის თქმით, ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში რომ გაგვეთვალისწინებინა, ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე.

„ეს სიმწვავე თუ დუღილის ტემპერატურა, რაც ახლა არის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ალბათ არ იქნებოდა, თუკი ჩვენ მოვახერხებდით და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევძლებდით თვისობრივად გადაგვეტვირთა ქართული პოლიტიკური პროცესი. გაგვეთვალისწინებინა ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჯერ კიდევ სტატუსს ვებღაუჭებით. გამოსავალი არ გამოჩნდება მანამ, სანამ მხარეები ვერ ვახერხებთ შეთანხმებას უმთავრეს საკითხებზე. მინიმუმ იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე. იქნებ მოვახერხოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ საქართველოს არ მტრობს, მაგრამ შესაძლოა თავისებურად ესმოდეს თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი