„არისი“ „ლოკომოტივთან“ კირკიტაძეზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მხარეები შეთანხმების გაოფიციალურებას ელიან #1TVSPORT
თორნიკე კირკიტაძის ტრანსფერით კვიპროსის სუპერლიგის „არისი“ დაინტერესდა. კლუბი 24 წლის შემტევის შესახებ თბილისის „ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, შეთანხმება მალე გაფორმდება.
გავრცელებული ინფორმაცია „ლოკომოტივში“ ნაწილობრივ დაგვიდასტურეს. კვიპროსის სუპერლიგაში წელს დაბრუნებული ლიმასოლის „არისი“ თბილისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერის გადასვლაზე მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებს – ინფორმაცია კლუბში გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები ჯერ არაფერს ამბობენ და ტრანსფერის გაოფიციალურებას ელიან.
24 წლის ფლანგის შემტევი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მაგრამ გუნდში ნორმალურად არც უთამაშია. თავი პირველად საჩხერეს „ჩიხურაში“ იჯარით წასულმა გამოიჩინა, როგორც სწრაფმა და ძალიან სასარგებლო მოთამაშემ.
თბილისის „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვარში ჩაირიცხა და განსაკუთრებით თავი გასულ წელს ევროპის ლიგაზე გამოიჩინა – ქარივით სწრაფმა მოთამაშემ რუმინულ „უნივერსიტატეას“ და მოსკოვის „დინამოს“ გადაულახავი პრობლემები შეუქმნა და დიდი როლი ითამაშა, გუნდმა ორი ეტაპი რომ გადალახა.
თორნიკე კირკიტაძემ „ლოკომოტივის“ ფორმით ეროვნულ ლიგაში 56 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
წასვლის შემთხვევაში, თორნიკე კირკიტაძე მეორე მოთამაშე იქნება, რომელიც „ლოკომოტივს“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს დატოვებს – მცირე ხნის წინ გუნდი მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დატოვა, რომელიც ესპანეთში, „ვალენსიაში“ გადავიდა.
კვიპროსზე უკვე საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს – „აპოელში“ გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი, „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიასთან გიორგი ლორია დარჩა და ვაკო გვილაის ელიან, ლიმასოლის „აპოლონში“ გიორგი პაპუნაშვილს რეზი ინჯგია შეუერთდა, ორიოდე დღის წინ „დოქსაში“ ავთო ებრალიძე ჩაირიცხა, ხოლო ირაკლი მაისურაძე ლიგიდან გავარდნილ „ენოსისში“ გამოდის.