ქეცბაია გვილიას ელოდება - „ანორთოსისმა“ „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ქეცბაია გვილიას ელოდება - „ანორთოსისმა“ „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის სუპერთასი ჩემპიონ „ომონიასთან“ პენალტების სერიაში დათმო და ახლა კონფერენს-ლიგის მატჩებისთვის ემზადება, გუნდი კი მორიგი ქართველი მოთამაშის დამატებას აპირებს.

ლაპარაკია ვაკო გვილიაზე, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ ვარშავის „ლეგიასთან“ კონტრაქტი დაუსრულდა. პოლონელებმა ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს, რადგან ხელფასის გაზრდის მოთხოვნა არ აწყობდათ და 27 წლის გვილია უგუნდოდ დარჩა.

„თემურ ქეცბაია აგრძელებს მცდელობებს, რომ გუნდი გააძლიეროს. ამჯერად, ის ცდილობს, ტრანსფერზე ვალერიან გვილიასთან შეთანხმებას მიაღწიოს. ამავე დროს, „ანორთოსისის“ მწვრთნელი ეძებს ახალგაზრდა თავდამსხმელს და მარჯვენა მცველს“, – წერს კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“.

საინტერესოა, რომ „ანორთოსისმა“ ფინეთის ნაკრების კაპიტნის, პაულიუს არაიურის შემდეგ, სლოვენიის ნაკრების წევრი დენის პოპოვიჩი ორწლიანი კონტრაქტით დაიმატა – 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, რომელსაც „პანათინაიკოსსა“ და „ციურიხში“ უთამაშია, ბოლოს კი ჩინეთში, „ცინდაოში“ თამაშობდა.