არიან ადემი მატჩის დაწყებამდე დაშავდა - იგი, სავარაუდოდ, ჩრდილომაკედონიას თბილისში ვერ დაეხმარება
არიან ადემი მატჩის დაწყებამდე დაშავდა - იგი, სავარაუდოდ, ჩრდილომაკედონიას თბილისში ვერ დაეხმარება

ჩრდილომაკედონიელებს არიან ადემის მდგომარეობით სიხარული იმედგაცრუებით შეეცვალათ – ფეხბურთელი ტრავმირებულია და საქართველოსთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალურ შეხვედრას, დიდი ალბათობით, გამოტოვებს.

გამოცემა „სპორტმედიას“ ცნობით, ჩვენი მეტოქის ერთ-ერთი ლიდერი ადემი ბოლო შეხვედრის დაწყებამდე დაშავდა.

„არიან ადემმა Covid-19 დაამარცხა, მაგრამ დღეს მისი გუნდიდან, ზაგრების „დინამოდან“ ცუდი ამბავი შევიტყვეთ – „ისტრა 1961“-თან ხორვატიის ჩემპიონატის მატჩამდე, გახურების დროს, ზაგრებელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დაშავდა და შეხვედრის დაწყებაც კი ვერ მოახერხა“, – წერს გამოცემა.

სპორტმედია“ იმასაც აღნიშნავს, რომ ადემის თამაშის შანსი მინიმალურია: „ხვალ ადემი ზაგრებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება თუ არა. თუმცა, თბილისში მისი თამაშის შანსი ძალიან მცირეა, რაც მეტად სამწუხაროა”.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ერთმანეთს 12 ნოემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე” დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.