არგენტინის ნაკრების მეკარე - ბედმა უდიდესი გამოცდა მოგვიმზადა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან მოგების (3:3, 4:2 პენალტების სერიაში) შემდეგ ემოციები ვერ დამალა და მატჩის კომენტარის დროს ცრემლები წამოუვიდა.
„ბევრი გამოცდა გამოვიარეთ. მატჩის ბოლომდე გვეგონა, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ ფრანგებმა მოახერხეს თამაშში დაბრუნება. ძალიან, ძალიან რთული მატჩი იყო. ბედმა უდიდესი გამოცდა მოგვიმზადა. მეტოქეს პენალტების სერიამდე ცოტა ხნით ადრე გამარჯვების გოლის გატანის შანსი ჰქონდა. საბედნიეროდ, დარტყმისას ბურთზე ფეხით რეაგირება მოვახერხე. მსოფლიო ჩემპიონობა წარმოუდგენელი განცდაა. ეს ის მომენტია, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. მინდა, ეს გამარჯვება ჩემს ოჯახს მივუძღვნა“, – თქვა აცრემლებულმა ემილიო მარტინესმა L’Equipe-თან ინტერვიუში.
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო. მანამდე არგენტინელებმა მუნდიალზე 1978 და 1986 წლებში გაიმარჯვეს. ტიტულის მესამედ მოპოვებაში კი ემილიო მარტინესმა დიდი წვლილი შეიტანა. მან გუნდს პენალტების სერია ნიდერლანდებთან შეხვედრაშიც მოაგებინა, ფრანგებთანაც და ფიფა-ს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო – მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.