არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტი გახდა #1TVSPORT
კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშებაზე მეოთხედფინალური ეტაპი არგენტინის ნაკრებისა და ეკვადორის მატჩით დაიწყო, რომლის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა – 4:2.
შეხვედრაში პირველი გოლი არგენტინამ გაიტანა, თავის გამოჩენა ცენტრალურმა მცველმა, ლისანდრო მარტინესმა 35-ე წუთზე, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მოახერხა.
ეკვადორი მეორე ტაიმში ძალიან აქტიური იყო. ენერ ვალენსიამ 62-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, გუნდს ამის შემდეგაც ჰქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, ხოლო ანგარიში 90+2-ე წუთზე კევინ როდრიგესმა გაათანაბრა.
კოპა ამერიკაზე დამატებითი დრო პლეი ოფში, ფინალური მატჩის გარდა, არაა და გუნდებმა პირდაპირ პენალტები შეასრულეს.
არგენტინელთაგან პირველი ნიშნულთან ლიონელ მესი მივიდა, რომლის დარტყმული ბურთიც ხარიხას მოხვდა, თუმცა ამის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ხოლო ოთხმა არგენტინელმა ზუსტად შეასრულა და სკალონის გუნდი ტიტულის დაცვას აგრძელებს.
არგენტინის ეროვნული გუნდი კოპა ამერიკის ნახევარფინალში ვენესუელასა და კანადას შორის გამარჯვებულს შეხვდება.