არგენტინის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანმა ვაქცინაცია რიგის გარეშე, გავლენიანი კავშირების გამოყენებით გაიკეთა
არგენტინის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანმა ვაქცინაცია რიგის გარეშე, გავლენიანი კავშირების გამოყენებით გაიკეთა

არგენტინის ჯანდაცვის მინისტრმა ხინეს გონსალეს გარსიამ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რიგის გარეშე, გავლენიანი კავშირების გამოყენებით გაიკეთა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“გამოქვეყნებულ წერილში ხინეს გონსალეს გარსია აღნიშნავს, რომ გარკვეულმა პირებმა ვაქცინაციისთვის აუცილებელი პროცედურის გვერდის ავლა შეძლეს. ამის მიზეზად უკვე ყოფილი მინისტრი ოფისში მისი არყოფნის დროს შექმნილ „უნებლიე არეულობას“ ასახელებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ჯანდაცვის მინისტრს გადადგომა მას შემდეგ სთხოვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე ათმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რიგისა და შესაბამისი პროცედურის გავლის გარეშე ჩაიტარა. მათ შორის ერთ-ერთმა ცნობილმა ვეტერანმა ჟურნალისტმა ორასიო ვერბიტსკიმ, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის პირადად მინისტრს ესაუბრა.

არგენტინაში რუსული წარმოების ვაქცინით Sputnik V-ით იმუნიზაცია დეკემბერში დაიწყო. ვაქცინაცია უტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირაში ქვეყანაში დაიწყეს 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა, თუმცა ამისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და რიგის დაკავება.

მიმდინარე თვის დასაწყიში ანალოგიური სკანდალი პერუშიც აგორდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ასობით პერუელმა მაღალჩინოსანმა ვაქცინის დოზები ქვეყანაში იმუნიზაციის პროგრამის დაწყებამდე მიიღო. ამის გამო თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.