იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო ქვეყნის პირველ ნაკრებს უხელმძღვანელებს უახლოეს ამხანაგურ მატჩებში არგენტინასა და ინგლისის წინააღმდეგ. ამის შესახებ წერს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
ამასთან, ორგანიზაცია აგრძელებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიებას.
უფრო ადრე, ფეხბურთის ფედერაციის კომისრის თანაშემწემ ალესანდრო კოსტაკურტამ განაცხადა, რომ დი ბიაჯოს პერსპექტივები პირველ ნაკრებში ამხანაგური მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტიდან დაითხოვეს ჯამპიერო ვენტურა. მისი ხელმძღვანელობით, “სკუადრა აძურა” 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
ამ მომენტისთვის, დი ბიაჯოს გარდა, იტალიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე განიხილება ანტონიო კონტეს, კარლო ანჩელოტის, კლაუდიო რანიერისა და რობერტო მანჩინის კანდიდატურები.