დი ბიაჯომ სერია A-ს ბოლოადგილოსანი გუნდი ჩაიბარა
დი ბიაჯომ სერია A-ს ბოლოადგილოსანი გუნდი ჩაიბარა

იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლუიჯი დი ბიაჯო სპალ-ის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. კლუბმა 48 წლის სპეციალისტთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

დი ბიაჯოსთვის ეს საკლუბო დონეზე მუშაობის პირველი გამოცდილება იქნება. 2013-19 წლებში ის იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იყო. გარდა ამისა, 2018 წელს, ორ მატჩზე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.

დი ბიაჯოს დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, სპალ-მა ლეონარდო სემპლიჩის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ეს სპეციალისტი სპალ-ს 2014 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა, როცა გუნდი სერია C-ში თამაშობდა. 2015-16 წლების სეზონში სპალ სერია B-ში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი სერია A-ში აღმოჩნდა.

დღეისთვის, სპალ 23 ტურის შემდეგ სერია A-ს გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა.