არგენტინაში შიშობენ, რომ ქვეყნის ნაკრებს კოპა ამერიკაზე და ოლიმპიადაზე თამაშს აუკრძალავენ #1TVSPORT
არგენტინის სპორტული კონფედერაცია (CAD) შიშობს იმის გამო, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს, შესაძლოა, 2024 წლის ოლიმპიადაზე და კოპა ამერიკაზე გამოსვლა აუკრძალონ. ეს შეიძლება არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ გამოცემული ბრძანების მიზეზით მოხდეს.
მილეის მთავრობის ინიციატივის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საფეხბურთო კლუბების სპორტულ სააქციო საზოგადოებებად გადაქცევა. ამასთან დაკავშირებით, CAD-მა შეიტანა აპელაცია თხოვნით, დროებით შეჩერდეს კანონის მოქმედება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არგენტინას, შეიძლება, შეეხოს სანქციები ფიფა-სა და სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) მხრიდან, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს არგენტინის ნაკრების მონაწილეობას კოპა ამერიკაზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.
არგენტინის სპორტულ კონფედერაციას მიაჩნია, რომ მილეის მთავრობის მოქმედება არღვევს სამოქალაქო და სპორტული ასოციაციების ავტონომიას, რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული. თავის მხრივ, ფიფა-სა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდება ითვალისწინებს სერიოზულ სანქციებს იმ შემთხვევებში, თუ მთავრობა ჩაერევა ამ ორი ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი ფედერაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში.
CAD-ი ირწმუნება, რომ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციას აუცილებლად ექნება მკაცრი რეაგირება, როცა აღნიშნული ბრძანების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. შესაბამისად, საფრთხის წინაშე დადგება არგენტინის ნაკრების მონაწილეობა 2024 წლის კოპა ამერიკაზე. გარდა ამისა, CAD-ის აზრით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც ანალოგიურად მოიქცევა და ასევე ჩამოაშორებს არგენტინელ ფეხბურთელებს პარიზის ოლიმპიადას.