არეტა ფრანკლინიდან ლედი გაგამდე​ - აშშ-ის პრეზიდენტების ყველაზე გამორჩეული ინაუგურაციები
არეტა ფრანკლინიდან ლედი გაგამდე​ - აშშ-ის პრეზიდენტების ყველაზე გამორჩეული ინაუგურაციები

აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციები ყოველთვის გამორჩეული იყო და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მუსიკალური ნაწილი უკვე გახდა განხილვის საგანი – ლედი გაგას მიერ შესრულებულმა ჰიმნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არეტა ფრანკლინის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები იყო. მომღერალმა შთამბეჭდავი შესრულება აჩვენა ბარაკ ობამას, ბილ კლინტონისა და ჯიმი კარტერის ინაუგურაციებზე.

გამორჩეული მუსიკალური ნომერი იყო ასევე ბარბარა სტრეიზანდის მიერ 1993 წელს ნამღერი „ღმერთი ფარავდეს ამერიკას“. მომღერალს აღფრთოვანებული უსმენდა პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ბილ კლინტონის ინაუგურაციის კიდევ ერთი გამორჩეული მუსიკალური ნომრის ავტორი ბობ დილანია.

აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციის საუკეთესო მუსიკალურ ნომრებში არ უნდა გამოგვრჩეს ბიონსეს წარმოდგენა. პოპმომღერალმა 2009 წლის ინაუგურაციაზე „America the Beautiful“ შეასრულა, ხოლო 2013 წელს, ობამას მეორე ვადით არჩევისას ეროვნული ჰიმნი შეასრულა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბიონსეს ნამღერი „At Last“ 2009 წლის ინაუგურაციის გამოსაშვებ საღამოს, როცა ბარაკ და მიშელ ობამებმა სწორედ ბიონსეს სიმღერაზე შეასრულეს წყვილის შთამბეჭდავი ცეკვა.

ბილ კლინტონის პირველი ვადის საინაუგურაციო კონცერტი Fleetwood Mac-მა დახურა 1977 წლის სიმღერით, რომლის მესიჯებიც იმედი და ოპტიმიზმი იყო. ბოლო მისამღერში ჯგუფს მაიკლ ჯეკსონი შეუერთდა, რომელიც სტივი ნიკსთან და ბილ კლინტონთან ერთად აცეკვდა. მხიარულებაში პირველი ლედი ჰილარი კლინტონი და მათი ქალიშვილი ჩელსიც ჩაერთვნენ.

ბარაკ ობამას ინაუგურაციის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მუსიკალური ნომერი კელი კლარკსონს ეკუთვნის. მისთვის დიდი აუდიტორიის წინაშე, სტრესის ქვეშ გამოსვლა უცხო არ იყო; კლარკსონმა ხომ კარიერა „American Idol“-ით დაიწყო. თუმცა, ინაუგურაციაზე ის წარმოუდგენლად ნერვიულად გამოიყურებოდა, ცოტა დაბნეულადაც, როდესაც მან მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელი ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, სიმღერის დაწყებისთანავე სცენაზე ჩვეული კელი კლარკსონი დაბრუნდა და ნამდვილი წარმოდგენაც გამართა.

რონალდ რეიგანის მეორე ვადის საინაუგურაციო კონცერტი ფრენკ სინატრამ და Beach Boys-მაგახსნეს, მაგრამ ღონისძიების გვირგვინი შეუდარებელი რეი ჩარლზი იყო, რომელმაც America the Beautiful-ის ახალი ვერსია შეასრულა. სულში ჩამწვდომმა შესრულებამ აუდიტორიაზე იმოქმედა და დასასრულს, ჩარლზს სიმღერაში აჰყვა.

ჯორჯ ბუში უმცროსის პირველი ვადის საინაუგურაციო ცერემონიაზე ბოლო გამომსვლელი რიკი მარტინი იყო, რომელმაც სცენაზე უზარმაზარი ენერგია შეიტანა. მარტინმა Cup of Life ცეკვა-ცეკვით შეასრულა და აუდიტორიაც აიყოლია.

America’s Got Talent-ის მონაწილე ჯეკი ივანკომ აშშ-ის ჰიმნი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ცერემონიაზე სულისშემკვრელად შეასრულა. როგორც მომღერალი იხსენებს, სიცივისგან თავი ეყინებოდა. ტრამპისთვის სიმღერისთვის 16 წლის მომღერალი მაშინ ბევრმა გააკრიტიკა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის დღეიდან ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

წლევანდელ ინაუგურაციაზე კაპიტოლიუმის მოვლენების გამო, გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. კორონავირუსის პანდემიის გამო კი დამსწრეთა რაოდენობა მაქსიმალურად იყოს შეზღუდული.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით აირჩიეს.