არდაზიშვილმა უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა (ვიდეო)

„ძალიან მიხარია, ამ დიდი და ამბიციური საფეხბურთო პროექტის ნაწილი რომ გავხდი და უკრაინულ კლუბში  გადმოვედი“ – ეს ლვოვის „რუხში“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ რატი არდაზიშვილმა უკრანული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა.

უკრაინის პირველი ლიგის ლიდერმა გუნდმა 22 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველთან 3,5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, სადაც გვარის ნაცვლად „რატი“ წერია.

არდაზიშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, 2019 წელი კი იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა. არდაზიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებში უთამაშია. „რუხს“ ქართველი გამთამაშებელი თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და ლვოვის გუნდის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია. მან „მინასთან“ ამხანაგურ მატჩში გოლის გატანაც მოასწრო.

„სასიამოვნოა, რომ თანაგუნდელები კლუბში ადაპტირებაში მეხმარებიან. „რუხს“ დიდი ამბიცია გააჩნია და სურს, უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდეს. ორ კვირაზე მეტია, რაც გუნდთან ვვარჯიშობ და მიხარია, გოლის გატანა რომ შევძელი. ვფიქრობ, სეზონის დასაწყისს მშვენიერ ფორმაში შეხვდებით“ – ამბობს რატი არდაზიშვილი.