არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებას ახლობლები ელოდებიან.

ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდება.

ერგნეთში იმყოფებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები წერენ, ცხედართან ერთად ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაც გადაეცემა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.