არჩილ თალაკვაძე - ნულპროცენტიანი ბარიერი შეიძლება, არ მოსწონდეს პოლიტიკური პარტიას, რომელიც ცდილობდა, ოპოზიციაშიც ექსკლუზივი ჰქონოდა
არჩილ თალაკვაძე - ნულპროცენტიანი ბარიერი შეიძლება, არ მოსწონდეს პოლიტიკური პარტიას, რომელიც ცდილობდა, ოპოზიციაშიც ექსკლუზივი ჰქონოდა

პროპორციული არჩევნები იყო საზოგადოების მოთხოვნა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის დროს, რომ საქართველო გადავიდოდა ამ სისტემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო რეფორმის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„პროპორციული არჩევნები იყო საზოგადოების მოთხოვნა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის დროს, რომ საქართველო გადავიდოდა ამ სისტემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს და არა 2024 წელს.

შესაბამისად, პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება, ფართო შეთანხმებას მივაღწევთ. რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს, აქ გამოჩნდა, რომ ნულპროცენტიანი ბარიერი რეალურ შანსებს აძლევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ვინმესთან მიკედლების გარეშე, საკუთარი პარტიის ან პოლიტიკური პლატფორმის იგნორირების გარეშე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მიიღოს პარლამენტში წარმომადგენლობა. ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს იდეა არ მოსწონდეს, არის ის პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი, ვინც ცდილობდა, ამ წლების განმავლობაში, ოპოზიციაშიც ჰქონოდა ექსკლუზივი და მათ გარეშე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეღო მანდატები პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ამ სამუშაო პროცესის ბოლოს მიღწეული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობა მოისმენს ოპოზიციური პარტიების ხედვას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაფინანსების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი.

„გვაქვს ჩვენი ხედვა დაფინანსების ფორმულასთან დაკავშირებით, თუმცა პროცესი წარიმართება იმგვარად, რომ ჩვენ ჯერ ოპოზიციურ პარტიებს მივცემთ შესაძლებლობას, თავისი წინადადებები და ხედვები დააყენონ და ვიმსჯელოთ ამაზე, შემდეგ კი უკვე ვიმსჯელოთ კონკრეტულ პროექტზე. რაც შეეხება ჩვენს ხედვას, დაფინანსების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და მეორე, დაფინანსება უნდა ჰქონდეს ყველა რეალურ პოლიტიკურ პარტიას. ეს ორი ძირითადი პრინციპია, რითიც ჩვენ ვიწყებთ დისკუსიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.