არჩილ თალაკვაძემ შიდა ქართლში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა
არჩილ თალაკვაძემ შიდა ქართლში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც კასპში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ტექნოპარკი და პროფესიული სკოლა, რომელიც ერთდროულად ორასზე მეტ სტუდენტს ემსახურება, თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და ბიზნესის შექმნის თვალსაზრისით, ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი ტიპის პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში შეიქმნას ასეთი თანამედროვე ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ ტექნოლოგიებს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა, რომელიც მათ კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება სამუშაო ადგილების მოძიებაში. თავისთავად, ეს ცენტრი კასპში არის მომავლის ეკონომიკის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, რაც ასევე მნიშვნელოვანია დღეს ადგილებზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელ გეოგრაფიაში ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და ხელი მიუწვდებოდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ სწრაფ მსოფლიოში დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ინიციატორებს, განმახორციელებლებს, იყო ხელისუფლების დაპირება და ეს დაპირება შესრულდა, როგორც ხედავთ, კასპს დღეს აქვს თანამედროვე ტექნოპარკი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პროფესიული სკოლა, რომელიც ქმნის რეგიონში ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ტექნოპარკი შიდა ქართლის მოსახლეობას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა, გახდნენ გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილეები და კონკურენტუნარიანი სტარტაპ პროექტები შექმნან.

კასპის ტექნოპარკის მენეჯერის, ხატია ბაინდურაშვილის განცხადებით კი, ტექნოპარკმა, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე გადამზადდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.