არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა
არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სიონის ტაძარიდან საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.

თალაკვაძე ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურებას დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

„უწმინდესო გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. მრავალს დაესწარით, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას გისურვებთ. დედაეკლესიას ვუსურვებ, კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ჩვენი ხალხი და ქვეყანა. მთელს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც ახლა ჩვენს ქვეყანაში რწმენით არიან ჩამოსული სტუმრადაც, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გამთლიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა სიბრძნით, განათლებით, მოთმინებით და ურთიერთსიყვარულით, მოყვასის სიყვარულით აგვეშენებინოს ჩვენი მომავალი. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესმა მიგვიღო და მოგვეცა დიდი ბედნიერება, შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ძვირფასო მოქალაქეებო, დებო და ძმებო, აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.