არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - როგორ ბედავთ და ატყუებთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას, კიდევ წინა ხელისუფლების ტრავმაში ხართ, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - როგორ ბედავთ და ატყუებთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას, კიდევ წინა ხელისუფლების ტრავმაში ხართ, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს

როგორ ბედავთ და როგორ ატყუებთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას, თითქოს დასავლეთს დავშორდით. ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათ ვერ შეძლეს შეცდომების აღიარება და გარკვევა, სად არიან, წარსულში თუ აწმყოში.

„ინტერპელაცია მიატოვეს და სულ სხვა თემაზე გადავიდნენ. ეს გამჭვირვალობის კანონი სამიზნედ იღებს მათ, ვინც მსხვერპლებს ეხმარებაო. ეს არის, მეგობრებო, მტკნარი სიცრუე, კანონი საერთოდ არაფერს არ უკრძალავს არცერთ ორგანიზაციას და მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში არის დასაქმებული. თქვენ ვინმე თუ გეუბნებათ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ სამსახურს, ან ხელფასს აღარ გადაგიხდიან, ან გრანტს აღარ მოგცემთ, იცოდეთ, მათი ერთადერთი მიზანია, თქვენ გამოხვიდეთ აქციაზე და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციაში მიიღოთ მონაწილეობა. ეს არის ერთგვარი შანტაჟი, როგორც თქვენ გაიძულებენ, რომ შეურთდეთ ამ პროტესტს. სინამდვილეში ეს კანონი არცერთ ორგანიზაციას და, მით უმეტეს, არცერთ პროფესიონალს არანაირ საქმიანობას არ უკრძალავს.

ასევე, მინდა, გამოვეხმაურო ძალიან სიმბოლურ წამოცდენას, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა თქვა. მე ამ ტრიბუნასთან ვდგავარ, მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიაო. მინდა, მას კითხვა დავუსვა, ჯერ კიდევ თქვენს განმარტებით ლექსიკონში, რა პერიოდს მოიცავს, ჯერ კიდევ რამდენი დროა – 10, 15 წუთი, ერთი საათი, ერთი დღე, ერთი კვირა? იმედია, თქვენს ლექსიკონში 11 წელი არ არის ჯერ კიდევ ხომ? ანუ, 11 წელი, თუ მედია, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა დაცული, პარლამენტში მეტი პარტიები ხართ წარმოდგენილი, არჩევნებზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ ძირითადი წესების დაცვით ტარდება, 11 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი, ჩვენი პოლიცია ევროპოლში შევიდა, როგორც ევროპასთან თანასწორი პარტნიორი, ეს ყველაფერი თუ ჯერ კიდევ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, 11 წელი ასე მიდის, მაშინ როგორ ბედავთ და როგორ ატყუებთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას და თითქოს ამ ქვეყანაში არ არის არანაირი ღირებულება, თითქოს დასავლეთს დავშორდით?! ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს. ეს სასიხარულო კი არ არის, ირონიულად კი არ გეუბნებით, თქვენდა სასიხარულოდ ასე მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეძელით მართლა, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ, სად ხართ, წარსულში ხართ ისევ თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ, რომ რაღაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.