არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს გაერთიანებაზე თქვენთან, რომლებმაც ხელი მოაწერეთ რეზოლუციას, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში
ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანებაზე, რომლებმაც თავს უფლება მიეცით, ხელი მოგეწერათ იმ რეზოლუციისთვის, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ, თქვენთან, რომლებიც დღეს ყველა საერთაშორისო არხზე, სადაც ხელი მიგიწვდებათ, საკუთარ ქვეყანას ებრძვით და აშავებთ – როგორ შეიძლება თქვენთან გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩემთვის წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენელთა პასუხად განაცხადა.
„აქ იყო საუბარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე და იმ ორდერზე, რომელიც ამ ორგანიზაციის პროკურორმა გამოსცა ოკუპირებული დე ფაქტო რეჟიმის მაღალჩინოსნების მისამართით. მინდა, შეგახსენოთ, რომ აქაც ფარისევლობას მიმართავთ. ჯერ ერთი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ეს გადაწყვეტილებები ვერ დადგებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლების მიერ თანმიმდევრული და დიდი სამუშაო შესრულებული მტკიცებულებების და არგუმენტების მოპოვების, შეგროვების და მათი დამაგრების და გაგზავნის მიმართულებით. ვერ იქნებოდა, მაგრამ ჩუმად რომ გაატარეთ მანამდე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ესეც გვახსოვს, იმიტომ, რომ არც ის არ გაწყობდათ, როგორც აქ არ გაწყობთ სიმართლის აღიარება, თუ რატომ და როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ესეც თქვენი ქვეყნისთვის კი არ გამოიყენეთ, თქვენი იმ ლიდერის, რომელიც დღეს სამართლიანად არის პატიმრობაში, მის გასათეთრებლად გამოიყენეთ და თქვენ გველაპარაკებით კიდევ, რომ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები გაწუხებთ?
გუშინ პრეზიდენტს მორცხვად რომ უკრავდით ტაშს, ესეც არ დარჩენია საზოგადოებას შეუმჩნევლად. რატომ უკრავდით ტაშს მორცხვად, იცით? იმიტომ, რომ მან დაგადანაშაულათ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაში და ეს არა მხოლოდ პრეზიდენტმა გააკეთა, მანამდე ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს, როდესაც საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდით. ამიტომ უკრავდით პრეზიდენტს მორცხვად ტაშს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანებაზე, თქვენთან, რომლებმაც თავს უფლება მიეცით, რომ ხელი მოგეწერათ იმ რეზოლუციაზე, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ, თქვენთან, რომლებიც დღეს ყველა საერთაშორისო არხზე, სადაც ხელი მიგიწვდებათ, საკუთარ ქვეყანას ებრძვით და აშავებთ. როგორ შეიძლება, თქვენთან გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩემთვის წარმოუდგენელია.
რძის პროდუქტებზე საერთოდ როგორ საუბრობთ, რა სანქციები მიიღეთ საერთოდ და რა უვიზო რეჟიმი გააუქმეთ 2008 წლის ომის შემდეგ? თქვენ არ იყავით ხელისუფლებაში? ჩამოთვალეთ, რა ნაბიჯები გადადგით და როგორი ზეწოლა მოახდინეთ რუსეთის ფედერაციაზე? ჩვენ დავიწყეთ რეალურად ეროვნული, ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის გატარება. რძის პროდუქტებზე მიღებული უცნაური გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ არ მოუთხოვია ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, ესეც პასი და ეს პასი თქვენ მიიღეთ და აქედან გამოჩნდა, რომ ზუსტად თქვენ ხართ კოლაბორაციონისტები და თქვენ ელოდებოდით ამ გადაწყვეტილებას, რომ მერე ეთერებში მთელი კვირის განმავლობაში ისაუბროთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ კონტრაქტი რუსულ კომპანიას გაუფორმა.
„ამჯერად, თბილისის მერ კახა კალაძეს დააბრალეთ, რომ თითქოს ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას და ამით რუსულ თავდასხმას აძლიერებსო. ეს არის ტყუილი, სამარცხვინო სიცრუე. თქვენ ხართ სიცრუის დისტრიბუტორები, თქვენს მართულ ტელეკომპანიებთან ერთად. სინამდვილეში, ეს კონტრაქტი არა კახა კალაძემ და მერიამ, არამედ ევრობანკმა გაუფორმა იმ კომპანიას და გაუფორმა 2021 წელს, როდესაც ომი არ იყო დაწყებული და ამის დაკავშირება დღევანდელ ომთან არის კიდევ ერთი აბსურდი და სამარცხვინო სიცრუე, რომელსაც თქვენ კადრულობთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.