საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში იღებს მონაწილეობას, სადაც დემოკრატიის განმტკიცებაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ძირითადი თემები დაასახელა, რომლებზეც შეხვედრებისას გამახვილდება ყურადღება.
„მთავარი საკითხებია დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ახლა ასე მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ საკონსტიტუციო რეფორმასა და არჩევნებზე. ასევე, ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
საქართველომ აირჩია სწორი, მაგრამ რთული გზა, რომ ჰქონდეს წარმატებული დემოკრატიული სისტემა გამოწვევებით და სირთულეებით სავსე რეგიონში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია შემდგომი პროგრესისთვის.
ვფიქრობ, ეს სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს წაადგება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის თანამშრომლობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრებს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური პოლარიზების კუთხით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. ბევრი ნეგატიური ემოცია დაგროვდა როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას შორის. ეს მძიმეა ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის, რომელიც თანამშრომლობაზე უნდა იყოს აწყობილი და არა დაპირისპირებაზე“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტისას გამართულ ყველა შეხვედრას საკუთარი მიზანი აქვს.
„სენატორებთან შეხვედრების მთავარი ამოცანაა, სენატში დარეგისტრირდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ ეს კანონი ორივე პალატის დონეზე, წლის განმავლობაში მიიღოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.